მზე ჩემშია

აქ, ჩემთან - მზესთან მუდამ გელიან ...

Sunday, August 25, 2013

სამყაროსეული ოთხივე სეზონი გამიგაზაფხულე

როცა გრძნობ როგორი მოჭარბებული დოზით გეღვრება სულში გაზაფხულისეული მზის სხივები, როგორ გათბობს, გაღიმებს და საოცარ სიციმციმესა და ბრწყინვალებას მატებს შენს თვალებსა და ყოველ გამოხედვას...
როცა აღარ აქვს მნიშვნელობა გაზაფხული იქნება, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი. როცა მხოლოდ ერთს შეუძლია სამყაროსეული ოთხივე სეზონის გაგაზაფხულება, გალამაზება, გაზღაპრება და ყველაზე ლამაზ რეალობად გადაქცევა...
როცა ყოველი მზის ამოსვლა მეტად თბილი და მეტად ნათელია...
როცა იმედიც კი მეტად ღიმილიანი და თბილია. როცა იცი, რომ მეტად ძლიერი ხარ და როცა იცი, რომ შენ უკვე შენ აღარ ხარ. როცა იცი, რომ იმ ერთადერთმა "შენ ერთი" "ჩვენ ერთად" გაგხადა!
როცა იცი, რომ შენს სულში გაზაფხულია...
და როცა იცი, ფერადი შემოდგომაც დრო მოვა დადგება...

Monday, May 27, 2013

სულს შეუყვარდი




თვალი თვალს შეხვდა უეცარი გაელვებით და წამსვე მიმამალა მორიდებული სისხარტით, მაგრამ მოლოდინისა და ინტერესის სიმძაფრე იმდენად ძლიერი იყო  ყოველი კუთხიდან ცდილობდნენ ამ ორთა მზერა ისევ შეხვედროდნენ ერთმანეთს.

სურვილი სიახლოვისა მშფოთვარედ იბრძოდა სხვა და სხვა სხეულში. გონებამ სულთან მორჩილება ერთხმად აღიარა, დანებდა მყისვე არსებული სურათის შემხედვარე... სივრცეში პეპლებმა გაინავარდეს, საოცარი ფერებით დაფერილმა, მაგრამ ამ პეპლებს მხოლოდ ორი სული ხედავდა... თავად განგებამაც ვერ გაიმეტა ეს სილამაზე სხვათა ცნობიერებისთვის...

შეფხიზლდნენ ემოციები, სურვილები, გრძნობები უკვე არსებულით და მათთვის განგებისგან გამეტებული მოულოდნელი სინამდვილით, სინამდვილით, რომელიც შარავანდედად დასდევდა სულის პეიზაჟებს...

ფერების მატებამ ცხოვრების ტილოს სიცოცხლე შთაბერა, ორივე სული ერთდროულად ქმნიდა კონტურებს თავად მათივე გონებისთვისაც ამოუცნობს, თუმცა ზედმეტად ლამაზს, აქამდე ნაგრძნობისგან და ნახულისგან განსხვავებულს

დრო გადიოდა და ეს ტილო იფერებოდა, ნელ-ნელა თვალი ეჩვეოდა უცხო კონტურებს, ოდნავი მეტი მონდომება, ფიქრების ჩართვაც და ამოიცნობდნენ რა ჩნდებოდა იმ პეიზაჟზე.

ორი სხეული გამალებთ ითხოვდა ფერებს, და ეს ფერები წაეფერეა მათივე სულებს.
სხეულებს შორის კვლავ რჩებოდა რიდი და შიში, თუმცა სურვილი სიახლოვის გადმოიღვარა... ორი სხეული ერთი სულით გამოიხატა...

შიშის სიმძაფრემ შეანელა ფუნჯების დასმა, დაუსრულებელს თითქოს ტოვებს იმ პეიზაჟებს... სრულდება, რჩება, ისე თითქოს არც დაწყებულა, თუმცა კვალია - სიყვარული, რაც იარსებებს...

Sunday, January 20, 2013

ვგრძნობ, რომ მზე მტოვებს და ცას უბრუნდება...


სიზმარს გავდა, ძალიან ლამაზ სიზმარს. თუმცა იმ სიზმარში მთელი ცხოვრება ვიცნობდი. მახსოვდა როგორ ვთამაშობდით ერთად „პატარა უფლისწულობანას“, როგორ დაგვიხატავს ჩვენივე გამოგონილი ფერებით ათასფერა ცისარტყელა ვარდისფერ ცებზე, როგორ მოგვისმენია სირინოზების სიმღერა, და როგორ ვაშენებდით ქვიშის სასახლეებს.
გავიზარდე და თითქოს, სიზმრებმაც მაშინვე მიმატოვეს, ზედმეტმა სიცხადემ  კი მხოლოდ კომედია გაიმეტა, მხოლოდ რამოდენიმე ფერით დამანახა ცისფერ ცაზე ჩვენი ცისარტყელა.
ალბათ ისევ ისე ბავშვური სიმშვიდით ჩამეძინა ერთ დღეს და სწორედ მაშინ გნახე ჩვენს  ქვიშის სასახლესთან.
როგორი ნაცნობი იყო შენი ხმა, შენი თვალები... სულ არ შეცვლილხარ, ისევ ის ხარ, ისევ ჩემი ხარ...
თითქოს, მიბრაზდებოდი, რომ აღარ ვჩანდი აქ, ჩვენს სიზმრებში. მე არ მიმიტოვებიხარ, ან როგორ შევძლებდი ამას? როგორ არ გჯერავს? ერთადერთი ხარ! შენ ის ერთი ხარ, ვინც ამ ცებზე მასწავლა ხატვა, ვინც ამ აკრძალულ ხმაურში  მასწავლა გამაყრუებელი სიჩუმით თამაში.
როგორ შემეძლო დამევიწყებინე, მხოლოდ შენ ერთი, რომელიც ბრაზის გრიგალშიც კი ქვიშის ულამაზეს სასახლეებს მიშენებდი.
ნუ მიბრაზდები, გთხოვ შემომხედე, მე ისევ ის ვარ, არც მე შევცვლილვარ. აი შეხედე, ის ჩვენი საყვარელი ნოტის ლას ფერია, მოიცა, შეხედე, აი ის  მზეზე არეკლილი ფიფქის ფერი... კიდევ არ გჯერავს? შემომხედე, დამიჯერე, სადაცაა გათენდება და ისიც არ ვიცი როდის გნახავ კიდევ. მომკიდე ხელი, მხოლოდ ერთხელ, თუნდაც უკანასკნელად... გავფრინდეთ სადმე, უგზოუკლოდ, ასე ხომ ბევრჯერ გვითამაშია დაჭერობანა ვარდისფერ გზებზე...
ჩამეხუტე ისევ ბავშვურად, ჩვენ რომ ვერ ვძლებდით სიშორით, თუნდაც...
როგორ მომნატრებიხარ და ვიცი უფრო მომენატრები...
ეს მე არ მინდა უშენობა, შენგან სიშორე... სიზმარი ქრება... ჩამეხუტე...
ვგრძნობ რომ მზე მტოვებს  და ცას უბრუნდება...
მე იქ დაგელოდები, ჩვენს ქვიშის სასახლესთან.
ახლა ჩამეხუტე...


Saturday, October 27, 2012

როგორ გყვარებივარ!!!

აბა სად არისო? თუ არსებობს ახლა სად არისო? მარტო მე რატომ? რატომ ჩემიო? 
- იმიტომ, რომ გავიხსენოთ! იმიტომ, რომ შევჩერდეთ! იმიტომ, რომ ვიგრძნოთ! იმიტომ, რომ დავინახოთ! გამოვფხიზლდეთ! შევირხეთ! გავიმართოთ! სწორი გზით ვიაროთ!.. 
ვინ თქვა არ არისო, აბა სად არისო?! 
- ძაან ყვარებიხარ!!! 
ასე მრისხანებით დგახარ, იძახიხარ! 
მერე როგორ გჯერავს რომ არსებობს, მერე როგორ გიყვარს... როგორ შენშია, ასე შიგნით, გულის სიღრმეში... 
ნახე, როგორ ყვირი და ამ ყვირილშიც ასე იგრძნობა მისდამი შიში და სიყვარული... 
- რატომ მე? 
- როგორ ყვარებიხარ!!! 
ახლა ხომ ხარ მხნედ, ახლა ხომ შეძრავ მთებს, ახლა ხომ დაამარცხებ დაუმარცხებელს ისეთ ძალას ფლობ, სად იყო ეს ძალა აქამდე? შენ არ მიაძინე? ხომ შენ ხარ? იქნებ სხვა ყვირის შენი სხეულითა და ხმით? შენ ხარ ხომ ?! ასეთი ძლიერი, შეუდრეკელი, ემოციით გაასმაგებული. არა და ლამის მიძინებული იყავი ისე თენდებოდა და ღამდებოდა... მაინც არ არისო?! 
- როგორ ყვარებიხარ!!! 
რამ გაგცრა გულში, ასე რამ აგატირა, რისია ეს ცრემლები? - შიშის, სიყვარულის, არარსებობის აღმოჩენისა თუ პირიქით მისი შენში ასე მძლავრად აღმოჩენისა?! 
- როგორ ყვარებიხარ!!! 
გამოგაფხიზლა! გაყვირა! აგაფეთქა! შეგარყია! გატირა!შეგაშინა! აგადუღა! აგავსო და ბოლოს ისე დაგცალა ერთიანად მოგმადლა: შიში, სიყვარული, სინანული, სიმშვიდე...
         - როგორ ვყვარებივარ!!!  

Thursday, September 13, 2012

გაორება

ჩვეულებრივი დღეების სიმრავლმ სული გამიერთფეროვანა.
სული სულისა და სული სხეულისა...
სულმა სულისამ შფოთვა დაიწყო,
სულმა სხეულისამ ძილი განაგრძო ...
შფოთვა და ძილი საზღვარს რომ ვერ ყოფს?!
ან შფოთვა რჩება ან კვლავ ძილი სჯობს...
ერთში ერთი რამ ორად გაიყო...
იყო დრო როცა ერთი რამ იყო...
ერთი სული და ერთი სხეული, ერთი ცხოვრებით ხომ კარგად იყო?
აბა რა მოხად, რამ გაყო ორად, ერთი სხეული სულად და ხორცად?
სული სხვას ითხოვს, ხორცი დავინდო?
რომელი ერთი ჩემად ავიღო
სული ჩემშია, ხორცში მე ვზივარ
ორად ქცეული ერთი მე ვინ ვარ?
სული ვარ? ვინ თქვა? იქნებ ხორცი ვარ?
რომელი ერთი მიაღწევს მიზანს.
სწორედ იმ მიზანს, რამაც დამიპყრო,
ერთი სხეული ორად გამიყო.

Wednesday, July 4, 2012


ისევ მიიძინა, ძლივსღა ფეთქავს, ცოტაც და გაქრება, ჩაქრება. არა და როგორი მძლავრი იყო სურვილითაც, აზრითაც, იმდენად ძლიერიც კი რომ დალაგება, დაწყობა, გადმოტანასაც კი ვერ ვასწრებდი. მინდოდა ერთი ხელისმოსმით მეთქვა ყველაფერი რაც იქ, ჩემს შიგნით ხდებოდა და ვგრძნობდი. თითქოს მეშინოდა არ დამვიწყებოდა, წამს არ გაჰყოლოდა სულის ამოძახილები.
უკვე მენატრება კიდეც. მას რაღატომღაც აღარ მოვნატრებივარ. იქნებ სხვაში ნახა ბინა. იქნებ იქ მეტი ემოცია და თავისფლება დახვდა. რამდენჯერ შევაჩერე, რამდენჯერ არ მივეცი უფლება გადმოსულიყო, გათავისუფლებულიყო თავად აზრისგან და თავად ემოციისგან, იმ ემოციისგან რისგანაც გაჩნდა და დაიბადა. ახლა კი თავად ვეძებ, ვცდილობ ისევ დავიბრუნო, უფრო მძაფრი ემოციებითა და თავისუფლებით. როგორი ჩემი იყო და როგორი ჩემიდან იყო. ახლა ძალიან შორს არის, ისე შორს, რომ სული გამოძახილითაც კი ვერ ვაწვდენ ხმას.
როგორ მენატრება მისი წამიერი გაელვებები. თითქოს გადმოიკისკისებდა დაუფიქრებლად, აუღელვებლად, ქაოსის გარეშე, იმდენად თავისთავადი იყო! იმდენად შინაგანი იყო! და იმდენად სულიდან იყო.!
და ახლა?...
ახლა ის, რომ სულ ღაფავს, ქრება, იფერფლება სადღაც ჩემს შიგნით, ძალიან შიგნით, ისე რომ მე თვითონაც ვეღარ ვხედავ, ვეღარ ვგრძნობ და ვეღარ აღვიქვამ.
იქნებ მოხდეს სასწაული და მძლავრად ამოისუნთქოს, იქნებ ისევ ვიგრძნო როგორ აფეთქდება ჩემში და იქნებ ისევ ადიდდეს და გადმოვიდეს, ვეღარ დაეტიოს ჩემს სულსა და სხეულში და გადმოიღვაროს თავისივე ნება–სურვილით, ისე როგორც მაშინ , როცა თავისი არსებობით სხვებსაც აცოცხლებდა და ულამაზებდა სულსა და განწყობას.
იქნებ...
როგორ მომნატრებიხარ...

Tuesday, March 13, 2012

ზღაპრებადქცეულ იმედებს ჩემივე ნებით გავუშვი ხელი


მერამდენეღაცაჯერ გამოჩნდა იმედი. წამიერი შეჩერებით შემომხედა, ისე რომ მხოლოდ მე მეგრძნო მისი მზერა და ისევ განაგრძო სვლა. ვცადე ნაბიჯისთვის მომემატებინა, წამოვწეოდი, ხელი ჩამევლო, ნებით თუ არა ძალით მაინც გამეჩერებინა.
... მოიცა... ძალით?! ... მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, შეძლებდა კი ვინმე ძალით ჩემს შეჩერებას? არასდროს! ვერასდროს!
... აბა რაღას მივდევ?! არა და გული ლამის ამომივარდა მის დანახვაზე. შემეძლო თუ არ შემეძლო მაინც გამოვეკიდე. მთავარი იყო წამოვწეოდი და ჩემად გამეხადა სამუდამოდ.
... ცოტაც და უკვე თვალს მიეფარება. არა და როგორ მინდოდა ხელი ჩამეკიდა, ეგრძნო ჩემი სითბო, თუ პირიქით - მე მისი... ან და რა აზრი აქვს...
ჯერ იყო და თავისუფლების დევნაში და დასაკუთრების მცდელობაში თავად აღმოვჩნდი მის ტუსაღობაში, ახლა არის და იმედს გადავეკიდებივარ - ნეტა თავად იმედისგან რაღა მომელის?
... გულისცემა ნელ-ნელა გამონოტონურდა...
... ქაოსური ემოციები და ფიქრები კი ჩემმიერვე გამოგონილ „დესპოტურ მწყობრში“ ჩადგნენ...
ზღაპრებადქცეულ იმედებს ჩემივე ნებით გავუშვი ხელი და ახლა ვცდილობ გაცხადებულ რეალობას ჩამოვართვა ხელი...